თითქოს, ძინავს ქალაქს. დრო გაჩერდა. მხოლოდ ადგილობრივები დავრჩით, უცხო ხალხი გვიკვირს.
მეა ნამიჭეიშვილი და მისი ოჯახი ხუთი წელია, რაც თბილისიდან სიღნაღში მამაპაპისეულ ადგილს დაუბრუნდა. მიზეზი ტურისტული ბუმი იყო. თავიდან მცირედით დაიწყეს, მაგრამ სერვისზე მოთხოვნა მიწოდებასთან შედარებით იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ოჯახური ტიპის სასტუმროსა და რესტორან “მარანს” უძღვებიან.
გაფართოებასაც გეგმავდნენ ახალი ტურისტული სეზონის გახსნამდე. მაისიდან კი მათი სასტუმრო სრულად იყო დაჯავშნილი. COVID-19-მა მათი გეგმებიც დროებით მაინც განუხორციელებელი დატოვა. ჯავშნები გაუქმდა. მეას დიდი ოჯახი, რომელიც სრულად ტურიზმის სფეროში იყო თვითდასაქმებული, შემოსავლის გარეშე დარჩა.
“უზომოდ კმაყოფილი ვიყავით მუშაობით, იმიტომ, რომ მოდიოდა ბევრი ტურისტი, რომელსაც აინტერესებდა ქართული ღვინო. არა მხოლოდ დასალევად, არამედ - ღვინის კულტურა და ისტორიაც. კახეთი მითუმეტეს, ღვინის ქვეყანაა და ევროპაშიც და აზიაშიც ძალიან ცნობადი გახდა ქართული ქვევრის ღვინო.”